Saturday, March 19, 2016

მერვე მოდულის რეფლექსია

      ამ მოდულის ფარგლებში წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია კოლეგებისთვის.
       პორტფოლიოს ჩვენების მიზანი იყო მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევრების გაზიარება. პორტფოლიოს ცალკეული კომპონენტების გაზიარება და შეფასების მიღება კურსის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც წინა მოდულებში ვასრულებდით. მოცემულ მოდულში კი უკვე გვქონდა შესაძლებლობა პორტფოლიოს სრულად გაზიარებისა და შეფასებისა. 
      ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, რომლის ფარგლებშიც მივიღე ცოდნა თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო სასწავლო პროექტები და რა დადებითი მხარეები აქვს მას. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის ბოლოს გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო.

Friday, March 18, 2016

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

      კურსის მეშვიდე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით სასწავლო რესურსი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
      რაც უფრო ნაკლებს საუბრობს მასწავლებელი კლასში და რაც უფრო იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა, იცვლება კითხვის დასმის დანიშნულებაც. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე სწავლის პროცესს, პირველ რიგში, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები განსაზღვრავს და, ასევე, სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ავთენტური კითხვები. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენებდით კითხვების დასმის ტექნიკას და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს მოსწავლეების ჩართულობისა და სიღრმისეული აზროვნების გასაუმჯობესებლად.
      მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი, რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი იდეების გათვალისწინებით შევქმენით რესურსები სასწავლო პროექტის ფასილიტაციისათვის.
      ამავე მოდულის ფარგლებში დავასრულეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები და შევქმენით პროექტის გეგმის რეზიუმე. სასწავლო პროცედურების გაწერის დროს დავაკონკრეტეთ, თუ როგორ ჩავრთავდით სწავლების პროცესში შემდეგ ელემენტებს:
  • ფორმალური და არაფორმალური შეფასებები სწავლების მთლიანი ციკლის განმავლობაში,
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლება,
  • დიფერენცირებული სწავლება,
  • მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარება,
  • ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
      გადავამოწმეთ, ასევე,  სწავლების პროცედურების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა.

Saturday, March 12, 2016

მეექვსე მოდულის რეფლექსია

      მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება. როგორც ვიცით, მასწავლებლის მიზანია, ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და მიზნები, სრულყოფილად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. შეფასების გეგმა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მოსწავლეთა  სწავლის შესახებ. მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებელმა გამოავლინოს მოსწავლეთა შორის განსხვავებები, რათა ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩართოს თემაზე წარმატებით მუშაობაში.  ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება და ინდივიდუალური მხარდაჭერა.
      მეექვსე მოდული ეთმობა დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით ინფორმაციას სწავლის პროცესის დიფერენცირების შესახებ. კერძოდ, ვისაუბრეთ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების საჭიროებების დაკმაყოფილება სპეციფიკურ სირთულეებს წარმოშობს მასწავლებლისათვის. ამავე დროს, მასწავლებელს უწევს მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც, საბოლოო ჯამში, მდიდარი სასწავლო გამოცდილების მიღებას განაპირობებს მოსწავლეებისთვის.
      მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები ყოველთვის არ არიან მასწავლებლის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისად, სწავლის პროცესის წარმატებით წარმართვისათვის აუცილებელია მოსწავლეებს განვითარებული ჰქონდეთ თვითრეგულირების უნარები, რომლის განვითარებისთვის აუცილებელია განმავითარებელი შეფასებები.
      მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია რესურსების მომზადება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. დამხმარე მასალები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მოსწავლემ უნდა მიიღოს შინაარსობრივი ნაწილის, პროცესისა  და პროდუქტის შერჩევისას. ეს რესურსები მოსწავლეებს თვითრეგულირების უნარების განვითარებაში დაეხმარება.

Sunday, March 6, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

      მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. კერძოდ, ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შესაბამისად, შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.
      კურსის მეხუთე მოდული დაეთმო მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმები და ჩვენი თემისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები გზამკვლევიდან. მოდულის ბოლოს დარჩენილი დროის მონაკვეთში გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
      მოდულის დასაწყისში მოვახდინეთ რეფლექსია გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების ტიპებზე და განვიხილეთ შეფასების გეგმების ნიმუშები, რომლებიც წარმოდგენილია გზამკვლევში. გამოვავლინეთ კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების შედგენისას გადავხედეთ დოკუმეტს "განმავითარებელი თვითშეფასება", რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები. თვითშეფასების შედეგებმა შესაძლებლობა მოგვცა, კონცენტრირება გაგვეკეთებინა გასაუმჯობესებელ საკითხებზე.  
      აღნიშნული მოდულის აქტივობების ფარგლებში გავეცანით შეფასების გეგმებს, რაც ასევე, დაგვეხმარა შეფასებისათვის საჭირო პრაქტიკული იდეების შეგროვებაში. შემდეგ დავხვეწეთ შეფასების ჩვენეული გეგმა და შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.

Saturday, March 5, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

      როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? ამ კითხვის პასუხი სწორედ მეოთხე მოდულის მასალაში ჩანს კარგად.
      კურსის მეოთხე მოდული დავიწყეთ მსჯელობით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს თემაში. განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. ნიმუში შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების საშუალებით.
      მოსწავლის პოზიციიდან დანახულმა სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგვეხმარა, გაგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს. განვსაზღვრეთ შინაარსი და აქტივობები. ეს, ასევე, დაგვეხმარა, გაგვერკვია, სწავლებისათვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი.
      მოსწავლის ნიმუშის შექმნამდე გადავხედეთ და გავაანალიზეთ გზამკვლევში მოცემული ნიმუშები. კერძოდ, ყურადღება მივაქციეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, არჩეულ სტანდარებსა და სასწავლო მიზნებს. თავადაც მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინეთ, თუ რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები უნდა აგვესახა ნაშრომში. შემდეგ განვსაზღვრეთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც თემის ფარგლებში ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნისა და ინფორმაციის მიღებასა და მათ დემონსტრირებას. ასევე, მოსწავლის ნიმუშისთვის შევარჩიეთ შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალება. მაგალითად, პრეზენტაცია ან პუბლიკაცია.
      შევიმუშავეთ როგორც პრეზენტაციის, ისე პუბლიკაციის ნიმუშის თემატიკა და დიზაინი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის. დავრწმუნდით, რომ თემატიკა და დიზაინი შეესაბამება ჩვენს მოლოდინებსა და მოსწავლეების მიერ პროდუქტის შექმნის პოტენციალს წარმოადგენს.