მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. კერძოდ, ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შესაბამისად, შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.
კურსის მეხუთე მოდული დაეთმო მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმები და ჩვენი თემისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები გზამკვლევიდან. მოდულის ბოლოს დარჩენილი დროის მონაკვეთში გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
მოდულის დასაწყისში მოვახდინეთ რეფლექსია გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების ტიპებზე და განვიხილეთ შეფასების გეგმების ნიმუშები, რომლებიც წარმოდგენილია გზამკვლევში. გამოვავლინეთ კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების შედგენისას გადავხედეთ დოკუმეტს "განმავითარებელი თვითშეფასება", რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები. თვითშეფასების შედეგებმა შესაძლებლობა მოგვცა, კონცენტრირება გაგვეკეთებინა გასაუმჯობესებელ საკითხებზე.
აღნიშნული მოდულის აქტივობების ფარგლებში გავეცანით შეფასების გეგმებს, რაც ასევე, დაგვეხმარა შეფასებისათვის საჭირო პრაქტიკული იდეების შეგროვებაში. შემდეგ დავხვეწეთ შეფასების ჩვენეული გეგმა და შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.
No comments:
Post a Comment